სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე მსახურების 40 წლის აღსანიშნავად და ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ჯილდოთი - „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
მათივე ცნობით "მეგობრობის ორდენზე" გამოსახულია ლოტის მიერ დარგული მამამთავარ აბრაამისთვის ანგელოზისგან მიცემული სამი ხის კვერთხისგან აღმოცენებული სასწაულებრივი ხე - ნიშანი ღვთის შეწყალებისა და მფარველობისა.
ამასთან, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მას 25-ზე მეტი უმაღლესი ჯილდო და ორდენი აქვს მიღებული და მათ შორის განსაკუთრებულად ძვირფასი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გადაცემული ,,მეგობრობის ორდენია“.
„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ ქართველთა საჭიროებები, ასევე დავით გარეჯის საკითხი და გამოითქვა იმედი, რომ ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული ძმური დამოკიდებულებით მშვიდობიანად და წარმატებით გადაილახება ნებისმიერი დაბრკოლება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით გაიმართა საზეიმო ვახშამი, რომელსაც ჩამოსულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები და მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწენი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.